ქართული სამხედრო ტერმინოლოგიური ლექსიკონი პირველად 1920 წელს გამოიცა. მისი ავტორ-შემდგენელია ვლადიმერ (ლადო) ცაგარელი. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ლექსიკონი მომზადდა და დაიბეჭდა, მათ შორის, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დამუშავებული ქართული სამხედრო ტერმინოლოგიური ლექსიკონები (ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის ისტორიის შესახებ იხ. თამარ ხატიაშვილის ნაშრომი "ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის ისტორია და ქართულ-ინგლისურ შესატყვისთა დადგენის საკითხები"). ქართულ ტერმინთბანკში თავმოყრილია ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის ყველა გამოცემა, რომელთა საფუძველზე ახალი მიდგომებით შეიქმნება ქართული სამხედრო ნორმატიული ტერმინოლოგიური ლექსიკონი (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული/ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული). ქართული ტერმინთბანკის მართვა-განვითარების ცენტრი (ტერმინოლოგიის განყოფილების ენათმეცნიერ-ტერმინოლოგები, სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და უნივერსიტეტის მეცნიერები, დოქტორანტები, დარგობრივი კომისიის წევრები) დარგის სპეციალისტებთან ერთად დაზუსტებულ და დადგენილ ტერმინოლოგიას ლექსიკონის დასრულებამდე მიაწოდებს მომხმარებელს. სიამოვნებით მოვისმენთ ნებისმიერ შენიშვნასა და წინადადებას.