ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

მასალები სამედიცინო ტერმინთა ნორმატიული ლექსიკონისათვის

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნისა და დამუშავების დაწყების თარიღად სიმონ ყაუხჩიშვილი 1913 წელს მიიჩნევს, როცა სპ. ვირსალაძის თაოსნობით ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებასთან დაარსდა სატერმინოლოგიო კომისია, რომელიც ძველი და ახალი ლიტერატურიდან კრებდა და ამუშავებდა სამკურნალო ტერმინებს. 1918 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებისას მწვავედ დადგა საკითხი ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის არსებობის აუცილებლობის შესახებ, 1919-1941 წლებში გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო და ტერმინოლოგიური ლექსიკონი, იბეჭდებოდა სამედიცინო ჟურნალები, ქართველმა მედიკოსებმა დიდი ღვაწლი დასდეს ეროვნული მეცნიერების განვითარებას, მაგრამ ამასთანავე შეიქმნა ტერმინთა მრავალფეროვნება და სიმრავლე, რამაც განაპირობა ტერმინების უნიფიკაცია. პროფ. ზაქ. მაისურაძემ ამოკრიბა სახელმძღვანელოებიდან და ლექსიკონებიდან არსებული ტერმინები და დამუშავებული სახით წარუდგინა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას. პროფ. ვუკოლ ბერიძის რედაქტორობით 1947 წელს გამოიცა მედიცინის პირველი ნორმატიული ლექსიკონი, რუსულ-ქართულ-ლათინური ტერმინოლოგია.1973 წელს დაიბეჭდა სიმონ და ლადო აბაშიძეების "რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი", რომლის რედაქტორია ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი თინათინ გონიაშვილი. გარდა ამ გამოცემებისა, ქართულ ტერმინთბანკში თავს იყრის მედიცინის რამდენიმე სხვადასხვა ქვედარგის მნიშვნელოვანი ლექსიკონი, რომელთა გაანალიზება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თანამედროვე ნორმატიული ტერმინოლოგიური ლექსიკონი, განვსაზღვროთ სამედიცინო ტერმინთა ნორმატიული და უპირატესი ტერმინები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად. თანამედროვე ქართველ ექიმთა დიდი ნაწილი მზადაა, ჩაერთოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და შემოუერთდეს ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის ნორმატიული ლექსიკონის სარედაქციო საბჭოს.