ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ახალი ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ქართული ტერმინთბანკი (ქტბ)

ენათმეცნიერების ინსტიტუტში, რომელიც 1941 წელს შეიქმნა, ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობის შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა სხვადასხვა დარგის მყარი ტერმინოლოგიური სისტემა, რომელმაც სათავე დაუდო მრავალდარგოვანი ტერმინთბანკის შექმნის იდეას; 2014-2015 წლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში შეიქმნა ქართული ტერმინთბანკის – ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების ელექტრონული ბაზის – კონცეფცია, რომლის მიხედვით,

  1. ერთ ელექტრონულ ბაზაში თავს იყრის ბეჭდური დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები;

  2. მიმდინარეობს სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიის კვლევა;

  3. იქმნება სხვადასხვა დარგის ქვებაზები;

  4. ახლდება ქართული დარგობრივი ტერმინოლოგია, იქმნება ნეოლოგიზმები.

ქართული ტერმინთბანკი ეყრდნობა შედარებითი და შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობის მეთოდოლოგიას, რომლის მიზანია „მივიდეთ ე.წ. „შესატყვის“ ტერმინებამდე, რომელთაც მიეცემათ უპირატესობა ტერმინოლოგიურ მასალაში ან სტანდარტში. ცნებით წყებებსა და სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას შორის ხშირადაა შეუსაბამობა, შესაბამისად, „შესატყვისობის“ პრობლემური საკითხის კვლევისას მნიშვნელოვანია კონკრეტულ კონტექსტში მისი მნიშვნელობის კვლევა. ამ საფეხურზე შედარებით ტერმინოლოგიურ მუშაობას სჭირდება კვლევისა და საკომიტეტო განხილვების გამოწვლილვითი დოკუმენტირება ყველა განხილული ენის მონაცემების ჩათვლით, რაც შექმნის ცოდნის უბადლო ბაზას და გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემას“ (ტერმინოლოგიური პოლიტიკის სახელმძღვანელო, იუნესკო, 2005, ქართულად თარგმნა ზაალ კიკვიძემ)

ქართული ტერმინთბანკის პროექტის წარდგინება გაიმართა 2017 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (იხ.:

ინფორმაცია ამის შესახებ იხ. რადიოჩართვა:

2023-2024 წლებში შეიქმნა ქართული ტერმინთბანკის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სპეციალისტების კონსულტაციების საფუძველზე, საერთაშორისო ნორმებისა და დაცვითი სისტემების შესწავლისა და დანერგვის მეთოდების გათვალისწინებით. ქართული ტერმინთბანკის ტექნიკური ამოცანა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, ისო 16642 ტერმინოლოგიის კომპიუტერული პროგრამები –ტერმინოლოგიური მარკირების სტრუქტურა;

ისო 30042:2019(E) ტერმინოლოგიური წყაროების მართვა – ტერმინოლოგიური ბაზების მიმოცვლა (ტბმ) (TBX).

ქართული ტერმინთბანკის ვებგვერდის მიზანია უზრუნველყოს ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების საერთო ბაზის (ქართული ტერმინთბანკის) მთავარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს (პროფესორებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს, მასწავლებლებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს) მისცემს საშუალებას მოიძიოს სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგია ქართულად და მათი შესატყვისები სხვადასხვა ენაზე, ტერმინთა განმარტებები, მათი შექმნის ისტორია, ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული მუდმივშევსებადი ბიბლიოგრაფია; მომხმარებელს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს და იმუშაოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიური განყოფილების გამოუქვეყნებელ არქივზე, ტერმინოლოგიური მუშაობის ამსახველ მასალებზე, რომლებიც განთავსდება ტერმინთბანკის ერთ-ერთ ველში.

2025 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ქართული ტერმინთბანკის გამოქვეყნების მხარდამჭერი.